Loading data...
ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს „ჰამასს“ მმართველობას შეუნარჩუნებს - NYT

ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დაწყება სურს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს „ჰამასს“ ღაზას სექტორში მმართველობას შეუნარჩუნებს. ამის შესახებ The New York Times-ი უსაფრთხოების ექვს ამჟამინდელ და ყოფილ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომელთა ნაწილმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვით ისაუბრა.  

გენერლები მიიჩნევენ, რომ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა საუკეთესო გზაა ღაზაში დარჩენილი დაახლოებით 120 მძევლის გასათავისუფლებლად და რომ თავდაცვის ძალებს ლიბანში „ჰეზბოლასთან“ შესაძლო ომის დაწყებამდე აღდგენა სჭირდება, - ნათქვამია მოხსენებაში. 

ამასთან, ოფიციალური პირების თქმით, „ჰამასთან“ ზავი „ჰეზბოლასთან“ შეთანხმების მიღწევას გააადვილებს. „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ისრაელზე დარტყმებს გააგრძელებს, ვიდრე ისრაელი ღაზას სექტორში ომს არ შეწყვეტს.

მოხსენებაში არ არის მითითებული, სამხედრო ხელმძღვანელობამ თავისი პოზიცია განიხილა თუ არა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რომელიც აცხადებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას „სრულ გამარჯვებამდე“.

თავის მხრივ, ზავთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილია, გააგრძელონ ბრძოლა, ვიდრე არ მიაღწევს ომის მიზნებს - „ჰამასის“ სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურებას, მძევლების დაბრუნებასა და სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას. 

„ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ „ჰამასთან“ ბრძოლას ღაზას სექტორის გასწვრივ. გარდა ამისა, გააგრძელებს ჩვენი მზადყოფნის გაუმჯობესებას ჩრდილოეთში ომისთვის და ყველა ჩვენი საზღვრის დაცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.