Loading data...
ისრაელი ცდილობს, ღაზაში არსებული შიმშილობის გამო ბრალეულობა თავიდან აიცილოს - The Guardian

ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ, რომ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კრიზისია. სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს, რომ პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასა და შიმშილობაში ბრალს თავი აარიდოს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მტკიცებულება არსებობს, რაც ისრაელის პასუხისმგებლობას ადასტურებს. ამის შესახებ The Guardian გვიყვება. 

მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დეტალურად აღწერეს ღაზას სექტორში არსებული ვითარება და ნეთანიაჰუს ბრალი დასდეს, ისრაელის თანამდებობის პირები და მინისტრები ცდილობენ მიანიშნონ, რომ ტერიტორიაზე „არ შიმშილობენ და თუ ეს მართლაც ასეა, ამაში დამნაშავე „ჰამასია“ და გაერო, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების სწორად გადანაწილებას ვერ ახერხებს“. 

ამ ყველაფრის ფონზე, ღაზაში სიკვდილიანობის მზარდი მაჩვენებელი შეინიშნება, განსაკუთრებით იმატებს ბავშვების  სიკვდილიანობა არასრულფასოვანი კვების გამო. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ფაქტს „ადამიანის მიერ გამოწვეული მასობრივი შიმშილი“ უწოდა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღიად დაადანაშაულა პროცესის ხელშეწყობაში. 

მოსაზრებას მხარი 28 სახელმწიფომ ერთობლივი განცხადებით დაუჭირა, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმაც. „ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვამ ახალ სიღრმეს მიაღწია“, - ნათქვამია განცხადებაში. „ისრაელის მთავრობის მიერ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მოდელი საშიშია, არასტაბილურობას აღვივებს და ღაზას მოსახლეობას ადამიანურ ღირსებას ართმევს“, - აცხადებენ სახელმწიფოების ლიდერები.

„ვგმობთ მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების არაადამიანურ მკვლელობას. ისინი ცდილობენ წყლისა და საკვების - ყველაზე ძირითადი საჭიროებების მიღებას და წვდომა არ აქვთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.