ისრაელ კაცი „ჰეზბოლას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა და განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმები გაგრძელდება, ისრაელის არმია იერიშებს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიიტანს.
„ჩრდილოეთის დასახლებებზე ნებისმიერი თავდასხმა გამოიწვევს საპასუხო დარტყმას დაჰიეზე [ბეირუთის სამხრეთ გარეუბანი, რომელიც „ჰეზბოლას“ საყრდენ პუნქტად ითვლება]“, - ნათქვამია მინისტრის მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
კაცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი მკაცრად უპასუხებს თეირანის ნებისმიერ მცდელობას, ჩართოს ლიბანი საკუთარ ინტერესებში.
„ირანის ნებისმიერი მცდელობა, დააკავშიროს ლიბანი და ირანი და თავს დაესხას ისრაელს, წააწყდება უდიდეს ძალას, ზუსტად ისე, როგორც ეს გუშინ მოხდა“, - აღნიშნა მან.
თავდაცვის მინისტრის ეს განცხადება მოჰყვა ისრაელის სამხედრო უწყების ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით, დასახლება ზარიტში, საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო. სამხედროების განმარტებით, განგაში გამოიწვია ჭურვის ჩამოვარდნამ იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანში ოპერაციას ატარებდნენ. ინციდენტის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.