Loading data...
ირანმა იერიში რამათ-განის საავადმყოფოზე მიიტანა

„ტერორიტულ აქტად“ და „ომის დანაშაულად“ შეაფასა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა რამათ-განის საავადმყოფოზე მიტანილი იერიში.

„სამედიცინო ცენტრისკენ გაშვებული რაკეტა ტერორისტული აქტია და წითელ ხაზს კვეთს“, - აღნიშნავს ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი ურიელ ბუსო. ინფორმაციას ამის შესახებ THE TIMES OF ISRAEL წერს. 

„ეს არის ირანის რეჟიმის მიერ ჩადენილი ომის დანაშაული. ისინი განზრახ ესხმიან თავს უდანაშაულო, მშვიდობიან მოსახლეობას და მედიცინის მუშაკებს, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ.

საბედნიეროდ, ჯანდაცვის სამინისტრო წინასწარ იყო მომზადებული და ჩვენ მიერ განხორციელებული დაუყოვნებლივი ქმედებების წყალობით, თავიდან ავიცილეთ დიდი კატასტროფა“, - განაცხადა ბუსომ.

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, მკაცრად დაიცვან მითითებები და ინსტრუქციებს მიჰყვნენ.

როგორც მედია იუწყება, რამათ-განში სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაახლოებით, 20 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.