Loading data...
ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც 2020 წელს აფხაზური დროშის დაწვისთვის დააკავეს, საპატიმროს 2025 წლის 30 მარტს დატოვებს, - ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა რობერტ კიუტმა განაცხადა.

კიუტმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბებუა დაკავების დაწესებულებას ვადამდე დატოვებდა.

როგორც ცნობილია, ბებუა დაკავებულ იქნა 2020 წლის 30 სექტემბერს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დაწვის აქტის განხორციელების ფაქტზე, რის გამოც 9-წლიანი საპატიმრო ვადა მიესაჯა, თუმცა ჯამში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ციხეში ამ ვადიდან 4 წელი და 6 თვე უნდა გაეტარინებინა და შესაბამისად, 30 მარტს ეს საპატიმრო ვადა ეწურება. ამდენად, ვალდებულები ვართ, გავათავისუფლოთ, თორემ მის დროზე ადრე გათავისუფლება აზრადაც არავის მოსვლია“, - განაცხადა რობერტ კიუტმა.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუა 2020 წლიდან სასჯელს იხდის „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით. ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ ე.წ. დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავი აღინიშნებოდა.

2020 წლის 7 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმის გამო, რომ ციხის პირობები საკმაოდ მძიმეა, ბებუას პატიმრობის ერთი დღე ორად ეთვლება და მარტისთვის გათავისუფლება უწევს.