ინვესტორებს ვთავაზობთ გარანტიებს, გამჭვირვალე წესებს და სახელმწიფოს სრულ მხარდაჭერას - ალან გაგლოევი

„საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი - ეს არ არის მხოლოდ საქმიანი საუბარი, ეს არის სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მანიფესტი, რომელიც მთელი მსოფლიოსადმი არის მიმართული. არის იმის მაჩვენებელი, რომ რესპუბლიკა გახსნილია, მას პარტნიორობის რწმენა აქვს, სურს და შეუძლია საქმის კეთება“. ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა „საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე“ განაცხადა, რომელიც ცხინვალში იმართება. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიებაში 3 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. ფორუმის სახელწოდებაა „სამხრეთ ოსეთი. ინვესტიციების ჰორიზონტები“.
„ეს არის ისტორიული მოვლენა. ის სამხრეთ ოსეთს ეკონომიკური განვითარების ახალ ჰორიზონტებს უხსნის. მას შეუძლია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე სახის განსაზღვრა და ის გარე სამყაროსთან დინამიურ თანამშრომლობაზეა ირიენტირებული“, - განაცხადა გაგლოევმა.
გაგლოევის თქმით, 2008 წლიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთმა რუსეთთან ერთად აღდგენის ურთულესი გზა გაიარა. მან აღნიშნა, რომ დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთი თანამშრომლობისთვის არის მზად და ის ინვესტორებს მყარ გარანტიებს, გამჭვირვალე წესებსა და სახელმწიფოს მხრიდან სრულ მხარდაჭერას სთავაზობს.
„ჩვენი მიზანია - ხელსაყრელი საქმიანი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ჩადებული რუბლი მუშაობს და მას რეალური მოგება მოაქვს. ჩვენ საინვესტიციო პრიორიტეტები განვსაზღვრეთ. ესენია მრეწველობა, აგროსამრეწველო კომპლექსი, ტურიზმი და სასტუმრო ბიზნესი. ეს დარგები გახდება ზრდის ლოკომოტივი, ახალი სამუშაო ადგილების წყარო, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოედნები. დაე ეს ფორუმი გახდეს ახალი ეპოქის დაწყების სასტარტო წერტილი. ეს უნდა იყოს მდგრადი განვითარების ეპოქა და სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საერთაშორისო ეკონომიკური სივრცის ინტეგრაციის ეპოქა“, - განაცხადა ალან გაგლოევმა.
გაგლოევის თქმით, ერთობლივად შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის გაძლიერება, არამედ მომავალი თაობების კეთილდღეობის საფუძვლის შექმნა.
ცხინვალში 18-20 სექტემბერს საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი იმართება. დე ფაქტო მთავრობა სტუმრებს ოკუპირებული რეგიონის საინვესტიციო გეგმებს აცნობს.