Loading data...
„ჰეზბოლა“ ისრაელ-ლიბანის ზავს უარყოფს მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან ომის დასრულებისკენ ისწრაფვის - The Guardian

„ჰეზბოლამ“ ოფიციალურად უარყო აშშ-ის შუამავლობით ისრაელისა და ლიბანის მთავრობების მიერ შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის გეგმა, რითაც რეგიონული სამშვიდობო მოლაპარაკებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. 

„მსგავსი შეთანხმება „ლიბანელი ხალხის განადგურების გზამკვლევი“ გახდება“, - აღნიშნავს დაჯგუფების ლიდერი ნაიმ კასემი და ცეცხლის სრულ შეწყვეტას ითხოვს, რის ფონზეც ისრაელმა ლიბანიდან ჯარი უნდა გაიყვანოს. „სანამ ლიბანის სოფლები იბომბება, ჩრდილოეთ ისრაელი უსაფრთხოდ თავს არასდროს იგრძნობს“, - დასძენს კასემი.

როგორც „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელი ამბობს, „ოკუპაციის პირობებში, მოლაპარაკებებზე საუბარი აბსურდული ჩანს“. 

„ჩვენ ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაასრულონ ეს ფარსი და დამცირება, რასაც მოლაპარაკებების სახელით ნიღბავენ“, - აღნიშნავს ნაიმ კასემი.

ცნობისთვის, ისრაელისა და ლიბანის მთავრობები ორშაბათს, პირველ ივნისს საომარი მოქმედებების დასრულებაზე შეთანხმდნენ, რაც ირანის მოკავშირე „ჰეზბოლას“ მხრიდან ცეცხლის სრულ შეწყვეტას და ლიტანის მდინარის სამხრეთიდან მებრძოლების ევაკუაციას ითვალისწინებდა.

ამის საპასუხოდ, „ჰეზბოლას“ ლიდერები აღნიშნავენ, რომ ლიბანის არმია კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს და რეალურად, საბრძოლო მოქმედებები დაჯგუფებასა და ისრაელს შორის მიმდინარეობს, რის გამოც აშშ-ის შუამავლობით დადებული შეთანხმება ძალას კარგავს.