Loading data...
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ისრაელის იერიშებისას ღაზას სექტორში 64 ადამიანია მოკლული, 300 კი დაიჭრა

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ისრაელის იერიშებისას ღაზას სექტორში 64 ადამიანია მოკლული, კიდევ 300 დაიჭრა.

როგორც „ბიბისი“ ღაზას მცხოვრებლებზე დაყრდნობით წერს, ისრაელმა ბოლო დღეებში გააძლიერა ანკლავის დაბომბვა როგორც ავიაციის, ისე ტანკების საშუალებით.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ღაზას სექტორის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში განუწყვეტლივ ისმის აფეთქებების ხმა.

ღაზას სექტორზე იერიშების გააქტიურება იმ ფონზე ხდება, როდესაც ისრაელის არმია ქალაქ ღაზას დასაკავებლად ემზადება.

ისრაელმა ღაზას სექტორში სამხედრო მოქმედებები „ჰამასის“ მიერ 2023 წელს მოწყობილი ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 22 თვის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს სულ მოკლულია 62 686 ადამიანი, დაიჭრა 157 951.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს დაჯგუფება „ჰამასს“. ნეთანიაჰუ უარყოფს საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას და აცხადებს, რომ ომის გაფართოებას აპირებს. ამ მიზნით სამხედრო სამსახურში უკვე გამოიძახეს 60 000 რეზერვისტი, რომლებიც ქალაქ ღაზას დაკავების ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას.