ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო: ისრაელი გამიზნულად ბომბავს საავადმყოფოებს

„რამდენიმე დღის წინ, ღაზას ევროპული საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ, ისრაელმა განაგრძო კლინიკებზე გამიზნული შეტევა და ახლა, ღაზას ჩრდილოეთ სექტორში, ინდონეზიურ საავადმყოფოს ბომბავს“, - ნათქვამია ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიაში აღნიშნული ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობას პაციენტებში არსებული პანიკა და შიში ზრდის. რამდენიმე მათგანი კლინიკების დატოვების მცდელობისას დაიღუპა.
„ღაზას ჯანდაცვის სისტემა ძლივს ფუნქციონირებს, ისრაელის მიერ საავადმყოფოებზე განმეორებითი დაბომბვებისა და რეიდების გამო, ხოლო დახმარების მარაგების ბლოკადა კრიზისს ამწვავებს“, - აცხადებენ სამინისტროს წარმომადგენლები.
„კლინიკები გადატვირთულია, დაღუპულთა რაოდენობა მზარდია, ბევრია ბავშვი. ამპუტაცია სჭირდება რამდენიმე ადამიანს, სამედიცინო მარაგები დეფიციტშია, მოსახლეობაში პანიკაა და შიში“, - წერს Reuters.
ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, ღაზას სექტორში 17 მაისის ღამეს, სულ მცირე, 100 პალესტინელი დაიღუპა.
პარალელურად, Al Arabiya იუწყება, რომ ღაზას სექტორის სამხრეთით, „ჰამასის“ ლიდერის მუჰამედ სინვარის ცხედარია აღმოჩენილი. ის რამდენიმე დღის წინ, ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა.