Loading data...
გერმანელი გენერალი ვარაუდობს, რომ უკრაინა პოკროვსკს 2025 წლის დასაწყისისთვის დაკარგავს

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის საკითხებზე სპეციალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი კრისტიან ფროიდინგი მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეებში უკრაინას დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის დატოვება მოუწევს.

ფროიდინგი აცხადებს, რომ ახლა „რუსეთს აქვს სამხედრო ინიციატივა ყველა ფრონტზე, ყველა სფეროში“, მათ შორის დონბასში, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში საომარი მოქმედებების ცენტრშია.

„რუსეთი უტევს დონბასში“ - დასძენს გერმანელი გენერალი და ხაზს უსვამს რუსული ძალების მძიმე დანაკარგებს - დღეში 2 000-მდე ადამიანი.

უკრაინისთვის, ფროიდინგის თქმით, მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის რაიონში, რომელიც უკრაინული ძალების მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია.

„ვფიქრობ, რომ პოკროვსკის დატოვება მოუწევს უკრაინას წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში“ - აღნიშნა მან.

გერმანელი გენერალი კურსკის რეგიონში საომარი მოქმედებების ესკალაციას პროგნოზირებს, რომელსაც ნაწილობრივ უკრაინული ძალები აკონტროლებენ, კერძოდ, ჩრდილოეთ კორეის სამხედროების მონაწილეობის გამო.