Loading data...
გაგლოევი უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფებოდა

ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების ზონას ეწვია, რომელსაც რუსეთში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“უწოდებენ. გაგლოევი იქ რუსეთის მხარეს მებრძოლ ოს სამხედროებს შეხვდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

როგორც გაგლოევის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ განაცხადა, ალან გაგლოევმა ოს მებრძოლებს ჰუმანიტარული ტვირთი ჩაუტანა, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება.

საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაგლოევს თან ახლდნენ დაცვის სამსახურის უფროსი ანდრეი ლოჩიევი, ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ინალ საბანოვი, უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ტუაევი, ასევე მილიციის სპეცდანიშნულების ძალების მეთაური ალიმ გაბარაევი.

„დასახული ამოცანების შესრულებაზე ჩვენი მომავალია დამოკიდებული. სამხრეთ ოსეთი ჩვენი დიდი სამშობლოს, რუსეთის ფედერაციის გვერდით იქნება. ჩვენ თქვენით ვამაყობთ და ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ალან გაგლოევმა.

ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურად მონაწილეობენ. მათი მხრიდან დაღუპულია ათობით ადამიანი, მაგრამ ზუსტი რაოდენობა უცნობია.