გაგლოევი ჩრდილოეთ და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის რკინიგზის მშენებლობის ინიციატივით გამოდის
„ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის თემა რუსეთის სამეცნიერო და საექსპერტო დღის წესრიგში შენარჩუნებულია და მასთან დაკავშირებით კვლევები მიმდინარეობს". ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
„სამხრეთ კავკასიაში სატრანზიტო მარშრუტებზე სერიოზული კონკურენციაა და ის უფრო მწვავე ხდება. სამხრეთ ოსეთს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია - ეს ყველაზე მოკლე გზაა რუსეთიდან სამხრეთ კავკასიაში და შემდეგ ახლო აღმოსავლეთში“, - განაცხადა გაგლოევმა.
მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის იდეა ახალი არ არის, ეს დაახლოებით ერთი საუკუნის განმავლობაში განიხილება.
„ეს საკითხი ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში განიხილებოდა. რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ საკითხი საპროექტო სამუშაოებამდეც კი მივიდა. დღეს არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ლოგიკა ახალი სატრანსპორტო კორიდორების მშენებლობის აუცილებლობას გვკარნახობს“, - განაცხადა ალან გაგლოევმა.
გაგლოევმა განაცხადა, რომ ეს გრანდიოზული პროექტია და ის „ტრანსკამის“ მშენებლობას აღემატება. მისი თქმით, ეს მხოლოდ ეკონომიკური პროექტი არ არის, არამედ „უსაფრთხოებისა და ცენტრალურ კავკასიაში რუსეთის ჩართულობის საკითხია“.