Loading data...
„გაგლოევ, გააჩერეთ ეს განუკითხაობა!“ - ცხინვალში საპროტესტო აქცია გაიმართა

ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მარგიევების ოჯახის წევრები მივიდნენ. მათ ეჭირათ პლაკატები წარწერით: „გაგლოევ, გააჩერეთ ეს განუკითხაობა!“. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

საქმე ეხება 2025 წლის სექტემბერში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ცხინვალში მეწარმე ალან მარგიევი გაიტაცეს. გატაცების შესახებ ინფორმაცია მისმა ძმამ, ვიქტორმა გაავრცელა, რომელიც ამ მოვლენების შემდეგ იძულებული გახდა რუსეთში წასულიყო. ოქტომბერში გატაცების საქმეზე ხოხა გაბარაევი დააკავეს, ტელეგრამ-არსები მას ალიკ გაგლოევის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრს უწოდებდნენ. ალიკ გაგლოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის ძმაა.

მარგიევების ოჯახის წევრთა ცნობით, რამდენიმე დღის წინ სტუდენტს იგორ მარგიევს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ვიქტორ მარგიევის შვილია. ამის შემდეგ კი მის სახლში რამდენჯერმე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მივიდნენ. იგორიც იძულებული იყო, რომ ცხინვალიდან რუსეთში წასულიყო.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დღევანდელი აქციის მონაწილეები, ვიქტორ მარგიევის ცოლი და დედა, ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.