ევროკავშირს პალესტინელების „სასტიკ და უკანონო“ ღალატში ადანაშაულებენ - The Guardian

ევროკავშირი პალესტინელების და ევროპული ღირებულებების „სასტიკ და უკანონო“ ღალატში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც ღაზაში ომის გამო, ისრაელისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება არ მიიღო. ამის შესახებ The Guardian წერს.
Amnesty International-ის მკაცრი შენიშვნა მოჰყვა ევროკავშირის მინისტრების დუმილს, რომლებმაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დაპირისპირებას თავი აარიდეს. უკმაყოფილებას გამოხატავენ უფლებადამცველებიც.
„ისრაელმა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად, უფრო კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას“, - აღნიშნავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. კაია კალასმა მხარი არ დაუჭირა საკუთარი გუნდის მიერ შემუშავებული 10 სანქციიდან არცერთს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ფაქტი ჰქონდა ისრაელის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის.
მოგეხსენებათ, ღაზაში 2.1 მილიონი ადამიანი წყლის სისტემების ჩამოშლის შედეგად გამოწვეული შიმშილობისა და გვალვის წინაშე დგას.
ევროკავშირი ამტკიცებს, რომ ტერიტორიაზე დახმარების ნაკადი, დაახლოებით, 80 სატვირთო მანქანამდე გაიზარდა, თუმცა საკვები პროდუქტების განაწილების საკითხი კვლავ პრობლემურად რჩება.
ღაზაში მოქმედი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიღების მოლოდინში ასობით ადამიანი იღუპება. მაგალითისთვის, შაბათს და კვირას, 12 და 13 ივლისს საკვების განაწილების რიგში დგომის დროს, 139 პირი გარდაიცვალა, მათ შორის, ქალები და ბავშვები.
შემაშფოთებელია გაეროს მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც მაისიდან დღემდე ანკლავში, დაახლოებით, 850 პალესტინელია დაღუპული.
ევროსაბჭომ სანქციების 10 ვერსია განიხილა, რომლებიც ევროკავშირისა და ისრაელის ასოცირების შეთანხმების სრულ შეჩერებას, ვაჭრობისა და თანამშრომლობის გაუქმებას მოიცავდა. ცნობილია, რომ შეთანხმების შეჩერება წევრი სახელმწიფოებისგან სრულ მხარდაჭერას მოითხოვს.
მოგეხსენებათ, რომ ისრაელის უახლოესი მოკავშირეები - გერმანია, უნგრეთი და ჩეხეთი ეწინააღმდეგებიან სანქციებს, რაც Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა აგნეს კალამარმა დაგმო.
„სასტიკი და უკანონო ღალატია ევროპული პროექტისა და ხედვის მიმართ, რომელიც საერთაშორისო სამართლის დაცვასა და ავტორიტარულ პრაქტიკასთან ბრძოლაზეა დაფუძნებული. მსოფლიოს ეს ფაქტი დაამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მომენტი ევროკავშირის ისტორიაში“, - განაცხადა კალამარმა.