Loading data...
ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებზე: ჩვენ გავაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ევროკავშირი გამოეხმაურა. ბრიუსელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გააგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც მიმდინარეობს პროცესი აფხაზეთში.

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გაიმართა საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2025 წლის 15 თებერვალს, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა. ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. „პრეზიდენტობისთვის“ ხუთი ადამიანი იბრძვის: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. არჩევნებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა უწოდა. საგარეო უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ოკუპაციის პირობებში ნებისმიერი არჩევნები უკანონოა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, მომხდარს ადეკვატური ქმედებებით უპასუხოს.