ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარმარილოს მოპოვება იგეგმება

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარმარილოს იშვიათი სახეობების, ვარდისფერი და კრემის ფერი მარმარილოს მოსაპოვებლად სამძებრო სამუშაოები ტარდება. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
ამჟამად გეოლოგიური სამძებრო სამუშაოები ტარდება, რათა მარმარილოს ქანების მოცულობა და მისი სიღრმე დადგინდეს. ასევე საბადოებთან მისასვლელი გზებიც უნდა აშენდეს.
ამ ადგილებში აღმოჩენილი ნიმუშები განსაკუთრებული ფერისაა და ის ძალზე გამძლეა. მისი გამოყენება როგორც მშენებლობაში, ასევე მოსაპირკეთებელი სამუშაოების დროს არის შესაძლებელი. ოსურ მარმარილოს ანალოგიური უცხოური პროდუქციისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა შეუძლია.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთში უნიკალური ვარდისფერი მარმარილოს გაყიდვას აპირებს, ადრეც გავრცელებულა. რუსმა ინვესტორებმა ამ საკითხის მიმართ ინტერესი უკვე გამოიჩინეს.