Loading data...
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლება“ აღდგომისთვის სასაზღვრო პუნქტებს გახსნის

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეებს ნება დართო გადაკვეთონ „საზღვარი“ „რაზდახანის“ (მოსაბრუნი/ოძისი) და „პერევის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტების გავლით.

როგორც „ეხოკავკაზა“ იტყობინება, გამარტივებული რეჟიმი 11 აპრილის 09:00 საათიდან 14 აპრილის 19:00 საათამდე იმოქმედებს.

გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ ალან გაგლოევის თავმჯდომარეობით გამართული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გამოცხადდა.

გაგლოევმა გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობა „უშიშროების საბჭოს მდივანს“ ანატოლი პლიევს დაავალა.

თავისუფალი გადაადგილების საკითხი ქართულმა მხარემ სოფელ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე დააყენა, რომელიც 31 მარტს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაიმართა.