„ეს შოკი იყო“ - უკრაინამ ჩუმად დაშალა საერთაშორისო ლეგიონი - Le Monde
2025 წლის ბოლოს უკრაინამ ფაქტობრივად დაიწყო საერთაშორისო ლეგიონის დაშლა, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში. უცხოელი მებრძოლები გადაჰყავთ რეგულარული არმიის თავდასხმის პოლკებში, რომლებიც ასრულებენ ყველაზე საშიშ საბრძოლო მისიებს, - წერს ფრანგული გამოცემა Le Monde.
მედიის ცნობით, გენერალური შტაბის გადაწყვეტილება ფარულად 2025 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა. ამავდროულად, მე-2 ლეგიონის ბატალიონის პირადი შემადგენლობა უკვე გადაყვანილი იყო 129-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 253-ე თავდასხმის პოლკში.
უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები ამბობენ, რომ გადაყვანის შესახებ მოულოდნელად შეიტყვეს.
„ეს შოკი იყო. გვითხრეს: „ჩაალაგეთ ბარგი და იმავე დღეს კრივოი-როგში გაემგზავრეთ“, - ამბობს 45 წლის დანიელი ფარერის კუნძულებიდან, ფსევდონიმით „ვიკინგი“, რომელიც ლეგიონს 2023 წელს შეუერთდა.
მისი თქმით, გადაყვანის შემდეგ, პირობები მკვეთრად გაუარესდა.
„ჩვენ ყაზარმებში ვართ ჩაკეტილები, სადაც ერთი კვირაა არც წყალია და არც ინტერნეტი. არც წვრთნები ტარდება. ყველა დემორალიზებულია, ჩვენი ბევრი თანამებრძოლი წავიდა“, - ამბობს ის.
საერთაშორისო ლეგიონის მე-2 ბატალიონის შტაბის უფროსი, ანდრეი სპივაკი, სარდლობის გადაწყვეტილებას სტრატეგიულ შეცდომას უწოდებს:
„საერთაშორისო ლეგიონის დაშლა რესურსების წარმოუდგენელი ფლანგვაა. ჩვენ ვართ ერთადერთი დანაყოფი არმიაში, სადაც ყველა ოფიცერი ორენოვანია“.
როგორც მედია წერს, ლეგიონში უცხოელთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ გასაჯაროებულა. ცნობილია, რომ 2022 წლიდან რამდენიმე ათასმა მოხალისემ გააფორმა კონტრაქტი, თუმცა დანაყოფმა ვერ მიაღწია მოსალოდნელ 20 ათას ადამიანს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უცხოელები იღებენ იმავე ხელფასს, რასაც უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, მაგრამ აქვთ უფლება შეწყვიტონ კონტრაქტი ექვსთვიანი სამსახურის შემდეგ, რამაც გამოიწვია პერსონალის მნიშვნელოვანი გადინება.
2025 წლისთვის საერთაშორისო ლეგიონი ოთხი ბატალიონისგან შედგებოდა და მონაწილეობდა მნიშვნელოვან ბრძოლებში, ხარკოვის ოლქის განთავისუფლებიდან ვოვჩანსკის და ჩასივ-იარის დაცვამდე. დანაყოფებში არსებული წყაროების ცნობით, პირველმა და მესამე ბატალიონებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, რის შემდეგაც დანარჩენი ნაწილი თავდასხმის პოლკებში გადაიყვანეს.
ზოგიერთი ლეგიონერი მზადაა, ნებისმიერ პირობებში გააგრძელოს სამსახური. უკრაინული წარმოშობის 27 წლის ამერიკელი, რომელიც ფსევდონიმით „კონორი“ ცნობილია, ამბობს:
„მე აქ ჩემი ქვეყნისთვის საბრძოლველად მოვედი და არა ლეგიონისთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის გაგრძელებაა“.
სხვები წასვლის შესაძლებლობას განიხილავენ.
„მე ვწყვეტ კონტრაქტს. ჩვენ სიცოცხლეს ვწირავთ უკრაინის დასახმარებლად და ისინი უბრალოდ გვტოვებენ. ეს სახეში სილის გაწვნაა“, - განაცხადა კარლმა, 53 წლის ამერიკელმა.
მოხალისეები ხაზს უსვამენ, რომ საერთაშორისო ლეგიონი უცხოელებისთვის შედარებით „უსაფრთხო გარემოს“ უზრუნველყოფდა.
„ყველას ეშინია ისეთ დანაყოფში მოხვედრის, სადაც მეთაური ინგლისურად არ საუბრობს“, - აცხადებს დანიელი მოხალისე.
უკრაინის საერთაშორისო ლეგიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფია, რომელიც შეიქმნა 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ქვეყნის თავდაცვის მიზნით უცხოელი მოხალისეების მოსაზიდად. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა და ტერიტორიული თავდაცვის ნაწილად იქცა.
ლეგიონი აერთიანებდა ათობით ქვეყნის უცხოელებს, რომლებმაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტები გააფორმეს, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების თანაბარ ხელფასს იღებდნენ და სხვადასხვა ფრონტზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. დანაყოფი გამოიყენებოდა როგორც შეტევით, ასევე თავდაცვით ოპერაციებში, მათ შორის ხარკოვის რეგიონში, ბახმუტის რაიონსა და უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე ბრძოლებში.
საერთაშორისო ლეგიონში, რომელიც უკრაინის მხარეს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის, ბევრი ფრანგია, რომლებმაც ერთგვარი დაშიფრული რადიოკავშირიც კი შექმნეს - რუსულად ან ინგლისურად საუბრის ნაცვლად, ისინი ფრანგულად საუბრობენ, რათა რუსებმა მათი გაგება ვერ შეძლონ.