„ეს პრინციპი ვნახეთ სირიასა და ჩეჩნეთში“ - The Independent-მა განმარტა, თუ რატომ გააძლიერა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმები
რუსეთი აძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, მიუხედავად სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის მუდმივი განცხადებებისა. Independent-ის ცნობით, ეს ცინიკური რუსული ტაქტიკის ნაწილია, რათა უკრაინელები დაარწმუნოს, რომ ომის დასასრულებლად არახელსაყრელ შეთანხმებას დაეთანხმონ.
მედიის ცნობით, მოსკოვი უარყოფს სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმას, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, კიევზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ მან დარტყმა განახორციელა უკრაინის „სამხედრო-სამრეწველო და ენერგეტიკულ ობიექტებზე“. თუმცა, ანალიტიკოსები რუსეთს ადანაშაულებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განზრახ დაბომბვაში, რაც მოსახლეობის მორალის შესუსტებას ისახავს მიზნად.
გაერთიანებული თავდაცვის კვლევითი ინსტიტუტის (RUSI) მკვლევარმა, ნათია სესკურიამ განაცხადა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე „სისტემური“ დარტყმები რუსეთის სტრატეგიის „ცენტრალურ ელემენტს“ წარმოადგენს, რომელიც „მიზნად ისახავს უკრაინის მოსახლეობის დატერორებას და საზოგადოების მორალის შესუსტებას“:
„ძირითადი გათვლა ისაა, რომ ომით დაღლილ საზოგადოებას, რომელიც მუდმივი თავდასხმის ქვეშაა, შეუძლია ზეწოლა მოახდინოს მთავრობაზე, რათა დაეთანხმოს თითქმის ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც საომარი მოქმედებების დასრულებას ისახავს მიზნად“.
თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სტრატეგია ჯერჯერობით არაეფექტური აღმოჩნდა, რადგან უკრაინელებმა მიმდინარე აგრესიის წინაშე შესანიშნავი გამძლეობა და მონდომება გამოავლინეს.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ (IFRC) განაცხადა, რომ მილიონობით უკრაინელს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზამთარი ელის.
რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის მკვლევარმა კირ ჯაილსმა, „The Independent“-ს განუცხადა, რომ მოსკოვის თავდასხმები მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რაც შეიძლება მეტი ტანჯვისა და ტკივილის მიყენებას“.
„ჩვენ ეს პრინციპი ვნახეთ სირიაში, ჩეჩნეთში და მოსკოვის მიერ ათწლეულების და საუკუნეების განმავლობაში წარმოებულ უამრავ სხვა ომში“, - აღნიშნა მან.