Loading data...
ერმაკი: უკრაინა მზად არ არის რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად

უკრაინა მზად არ არის რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად და ომის შეწყვეტის სანაცვლოდ, რომელიმე ტერიტორიის დასათმობად. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„კიევი მოუსმენს ნებისმიერ რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივაღწიოთ „სამართლიან მშვიდობა“, თუმცა, მზად არ ვართ, კომპრომისზე წავიდეთ ძალიან მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, - განაცხადა მან. 

ხოლო კითხვაზე, როგორ აფასებს უკრაინა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმას ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ერმაკმა აღნიშნა:

„გულწრფელად რომ გიპასუხოთ, არ ვიცი. ვნახოთ“.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა შტატების მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დებატების დროს განაცხადა, რომ თუ ის გახდება პრეზიდენტი, სწრაფად დაასრულებს ომს უკრაინაში, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს ამას. ხოლო მედიაში ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ მისმა მრჩევლებმა ტრამპს წარუდგინეს გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია აშშ-ის მხრიდან დახმარების შემცირების მუქარა იმ შემთხვევაში, თუ კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. ამასთან, დებატების მიმდინარეობისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით პუტინის პირობები მისთვის მისაღები არ არის.