„დონბასის დატოვება, უარი ნატოში გაწევრიანებაზე“ - Reuters-ი პუტინის ახალი მოთხოვნების შესახებ წერს

რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დასრულების ახალი მოთხოვნები წამოაყენა. ვლადიმერ პუტინი მოითხოვს, რომ უკრაინამ დატოვოს დონბასი, უარი თქვას ნატოში გაწევრიანების ამბიციებზე, შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი და ქვეყანაში დასავლელი სამხედროები არ დაუშვას“, - ამის შესახებ „როიტერსს“ წყაროებმა განუცხადეს.
კრემლის პოზიციის შესახებ ინფორმირებული წყაროების ცნობით, ახალ წინადადებაში პუტინი დაჟინებით მოითხოვს, რომ კიევმა ჯარები გაიყვანოს დონბასის იმ ნაწილებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშაა. სანაცვლოდ, მოსკოვი მზადაა, სამხრეთით - ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები დათმოს.
წყაროების ცნობით, მთელი დახურული 3-საათიანი შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრემლის მმართველთან უკრაინასთან დაკავშირებით შესაძლო კომპრომისი განიხილა.
გამოცემაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უარყო ეს პირობები და ისინი კაპიტულაციის ტოლფასად შეაფასა.
წყაროების ცნობით, ახალ წინადადებაში პუტინი ძველ მოთხოვნას ინარჩუნებს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მათ მიერ კონტროლირებადი დონბასის ტერიტორიებიდან სრულად გაყვანას გულისხმობს. სანაცვლოდ, მოსკოვი ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე საბრძოლო მოქმედებებს შეაჩერებს.
წყაროების ცნობით, მოსკოვი, ასევე, მზადაა შესაძლო გარიგების ფარგლებში უკრაინის ხარკოვის, სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქების ოკუპირებული ნაწილები გადასცეს.
წყაროების ცნობით, პუტინი, ასევე, ინარჩუნებს თავის წინა მოთხოვნებს, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოს წევრობაზე და მიიღოს ალიანსისგან იურიდიული ვალდებულება, არ გაფართოვდეს აღმოსავლეთისკენ, ასევე, შეზღუდოს უკრაინული არმიის რაოდენობა და დადოს შეთანხმება, რომ დასავლური ჯარები არ განლაგდებიან უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში.
თუმცა, გამოცემის ცნობით, მხარეებს შორის პოზიციები კვლავ საკმაოდ გაყოფილია.
კრემლთან დაახლოებულმა სამმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ მათი აზრით, ალასკაში გამართული შეხვედრა ომის დაწყებიდან მშვიდობის დამყარების საუკეთესო შანსს წარმოადგენდა, რადგან კონკრეტული მოლაპარაკებები რუსეთის პირობებით მიმდინარეობდა და, სავარაუდოდ, პუტინმა დათმობაზე წასვლის სურვილი გამოხატა.
„პუტინი მზადაა მშვიდობისთვის, კომპრომისისთვის. ეს არის გზავნილი, რომელიც ტრამპს გადაეცა“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
წყაროების ცნობით, კრემლს არ ჰქონდა ინფორმაცია, მზად იყო თუ არა უკრაინა დონბასის დათმობისთვის და დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ომი გაგრძელდებოდა. ასევე, გაურკვეველი იყო, აღიარებდა თუ არა შეერთებული შტატები რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებს.
ერთ-ერთმა წყარომ, ასევე, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური საკითხები პუტინისთვის მეორეხარისხოვანია, მას ესმის რუსეთის ეკონომიკური დაუცველობა და იმ ძალისხმევის მასშტაბები, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად არის საჭირო.
რუსული წყაროების ცნობით, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ალასკაში შეხვედრის მომზადებაში.
„კერძოდ, 6 აგვისტოს ვიტკოფი პუტინს კრემლში შეხვდა და პუტინმა ნათლად განაცხადა, რომ მზად იყო კომპრომისზე წასულიყო და განმარტა, თუ რას დათანხმდებოდა მშვიდობის სანაცვლოდ“, - იტყობინება ორი რუსული წყარო.
ერთ-ერთმა წყარომ გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ, მაშინ შესაძლებელია ფორმალური შეთანხმების სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის რუსეთს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის სამმხრივი შეთანხმება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ იქნება აღიარებული.
„კიდევ ერთი ვარიანტია 2022 წლის სტამბოლის შეთანხმებებთან დაბრუნება, რომლებიც, კერძოდ, განიხილავდა უკრაინის ნეიტრალიტეტს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრის: დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ“, - დასძინეს წყაროებმა.
„არსებობს ორი ვარიანტი: ომი ან მშვიდობა და თუ მშვიდობა არ იქნება, კიდევ უფრო მეტი ომი იქნება“, - დასძინა ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.