CNN: რუსეთმა, შესაძლოა, აღმოსავლეთში მასშტაბური შეტევა რამდენიმე დღეში ან კვირაში დაიწყოს

CNN-ის ცნობით, რუსეთი რამდენიმე დღეში ან კვირაში ზაფხულის შეტევას დაიწყებს, რომელშიც, შესაძლოა, ფრონტის ხაზთან ამჟამად კონცენტრირებული 160 000 ჯარისკაცი იყოს ჩართული.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ სამ რაიონში გააუმჯობესა თავისი პოზიციები: პოკროვსკი, კუპიანსკი და კოსტიანტინივკას მახლობლად.
ანალიტიკოსებმა გამოცემას განუცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ულტიმატუმში მითითებული ახალი 50-დღიანი ვადა კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიზნებისთვის ხელსაყრელია. კერძოდ, ერთ-ერთი ანალიტიკოსი კირ ჯაილსი მიიჩნევს, რომ ეს მოსკოვს დიპლომატიურ ასპარეზზე სივრცეს აძლევს.
„50-დღიანი ვადა რუსეთს საკმარის დროს აძლევს, შეიმუშაოს საკუთარი ალტერნატიული გეგმა... ტრამპის მიერ პუტინისთვის პირობითი ვადების ბოლო გახანგრძლივება უკრაინის ტანჯვას ახანგრძლივებს“, - აღნიშნა ჯაილსმა.