Loading data...
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ბოლო თვეებში უკრაინის ტერიტორიების დაკავების ტემპი დააჩქარა

რუსულმა ძალებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიების დაკავების ტემპი გააძლიერეს, - ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„რუსულმა ძალებმა ტერიტორიული მიღწევების ტემპი დააჩქარეს 2025 წლის მაისსა და ივნისში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, სავარაუდოა, ივნისში რუსეთის სახმელეთო ჯარებმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 550-600 კვ. კმ დაიკავეს. ამ თვის განმავლობაში, საშუალოდ, ოკუპანტებმა დღეში დაახლოებით 18-20 კვ. კმ დაიკავეს.

დაზვერვის მონაცემებით, ამავდროულად, მაისსა და ივნისში რუსეთმა წარმატებებს ძირითადად სოფლებში და ნაკლებად დასახლებულ რაიონებში მიაღწია. რუსები უკრაინის თავდაცვის სუსტი წერტილების იდენტიფიცირებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. მცირე ჯგუფებად შეტევებმა რუსულ ჯარებს საშუალება მისცა, მთელი ფრონტის გასწვრივ გარღვევისა და ახალი დაპყრობებისთვის ხელსაყრელი ადგილები შეესწავლათ და გამოევლინათ.

„ამავდროულად, ტერიტორიული მიღწევების მიუხედავად, რუსეთი კვლავ სირთულეებს აწყდება ისეთი გამაგრებული ქალაქების ხელში ჩაგდების მცდელობებში, როგორიცაა პოკროვსკი და კუპიანსკი. ამ ტერიტორიებზე პირდაპირი შეტევისთვის რუსებს გაცილებით დიდი რაოდენობის პერსონალი დასჭირდებათ“, - წერს ბრიტანული დაზვერვა.