Loading data...
„ბევრი დაჭრილი გვყავს“ - უკრაინელებმა გამოაცხადეს რთული ვითარება პოკროვსკის მიმართულებით

პოკროვსკის მიმართულებით სიტუაცია ამჟამად ძალიან მძიმეა, რუსი ოკუპანტები მუდმივად ცდილობენ თავდასხმების განხორციელებას, - ამის შესახებ კაპრალ მარკ ბერხივკას სახელობის 110 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ივან სეკაჩმა განაცხადა.

მისი თქმით, პოკროვსკის რაიონში მოწინააღმდეგე მუდმივ თავდასხმებს ახორციელებს.

„სწორედ ამ მიმართულებით ცდილობენ რუსი ოკუპანტები წინსვლას. აქ ლანდშაფტი დიდ როლს თამაშობს. ახლა ბრძოლები მიმდინარეობს ფერდობებზე და სიმაღლეებზე, რაც შესაძლებელს ხდის ოკუპანტის წინსვლის შენელებას. ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსები გამუდმებით უტევენ, მართალი გითხრათ, ბევრი დაჭრილი გვყავს“, - აცხადებს ბრიგადის სპიკერი.

ბრიგადის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული არმია ახორციელებს თავდასხმის ოპერაციებს აღჭურვილობისა და დიდი რაოდენობის პერსონალის გამოყენებით.

„ამჟამად ისინი დაბრუნდნენ თავდასხმის სხვა ტაქტიკას, რუსები  4 კაცისგან შემდგარ ჯგუფებად უტევენ, მანამდე ისინი ორკაციან ჯგუფებად უტევდნენ“, - განმარტა მან.

სეკაჩმა დასძინა, რომ რუსებს ცოტა დრო დარჩათ, ამიტომ ისინი ძალიან აქტიურობენ ამ მიმართულებით.