ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში მომხდარ მკვლელობას 7 ოქტომბრის ტერორისტულ აქტს უკავშირებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ვაშინგტონში მომხდარი მკვლელობა დაგმო. ცნობებს ამის შესახებ BBC გვაწვდის.
„საშინელება მოხდა. ცივსისხლიანმა ტერორისტმა ახალგაზრდა ლამაზი წყვილი მოკლა. იარონმა ახლახან შეიძინა საქორწინო ბეჭედი სარასთვის. ისინი ახალი და ბედნიერი ცხოვრების დაწყებას გეგმავდნენ. ეს არ არის შემთხვევით მომხდარი დანაშაული. ტერორისტმა წყვილი სასტიკად მოკლა. ამას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა: მას ებრაელების მოკვლა უნდოდა. დაკავებისას მკვლელი სკანდირებდა - „თავისუფლება პალესტინას!“ ზუსტად ეს სიტყვები გვესმოდა 7 ოქტომბერსაც“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვისას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე და მძევლების გათავისუფლებაზეც ისაუბრა.
„ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ უსაფრთხო ზონები ღაზას სამხრეთით. პალესტინის მოსახლეობა, თავდაცვის მიზნით, სწორედ იქ უნდა გადავიდეს. ამასობაში, ჩვენ სხვა ზონებში გავაგრძელებთ ბრძოლას. უსაფრთხო ტერიტორიაზე კი, ჰუმანიტარულ დახმარებას გავაგზავნით და იქ შეძლებენ მის მიღებას მშვიდობიანი მოქალაქეები, „ჰამასის“ ჩარევის გარეშე.
ამ ეტაპზე, ჩვენი ნებართვით, 100-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა ღაზაში. თითოეული მათგანი ჰუმანიტარული დახმარებითაა უზრუნველყოფილი. ამ დღეებში, კიდევ მეტი სატვირთო შევა ტერიტორიაზე.
მძევლებს რაც შეეხებათ, ყველაფერს ვაკეთებთ მათი გათავისუფლებისთვის. მზად ვართ დროებითი ზავისთვისაც, რათა მეტი ადამიანი გამოვიყვანოთ ღაზას სექტორიდან.
ჩვენ ვითხოვთ თითოეული მძევლის გათავისუფლებას და ეს ასეც უნდა იყოს. ეს უნდა მოითხოვოს ყველა ქვეყანამ, რომელსაც ცივილიზებულ ქვეყნად მიაჩნია საკუთარი თავი. ჩვენ ახლა შვიდფრონტიან ომში ვართ და ეს ომი ჩვენს წინააღმდეგ ირანმა წამოიწყო, საკუთარ მარიონეტებთან ერთად“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ვიდეომიმართვის ბოლოს, მან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და კანადის ლიდერები გააკრიტიკა. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ კირ სტარმერი, ემანუელ მაკრონი და მარკ კარნი „კაცობრიობის და ისტორიის არასწორ მხარეს დგანან!“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში სწორედ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ისრაელს სანქციებს დაუწესებენ, თუ განახლებულ სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს და ჰუმანიტარულ გზავნილზე ბლოკადას არ მოხსნის.