ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სექტორის სრული ოკუპაციისთვის ემზადება - THE TIMES OF ISRAEL

„ბენიამინ ნეთანიაჰუ კაბინეტის მხარდაჭერას მოიპოვებს და ღაზას სექტორში შეტევას უფრო მასშტაბურს გახდის“, - წერს THE TIMES OF ISRAEL და ამტკიცებს, რომ მიუხედავად ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა, პრემიერი ღაზას სექტორის სრულ ოკუპაციას გეგმავს.
როგორც აღმოჩნდა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რამდენიმე მინისტრთან პირადი საუბრისას ტერმინი „ღაზას სექტორის ოკუპაცია“ გამოიყენა და მათ საკუთარი ხედვა, თუ როგორ აპირებდა სამხედრო ოპერაციების გაფართოებას, გაუზიარა.
„ოპერაციები იმ ადგილებშიც ჩატარდება, სადაც მძევლები იმყოფებიან. თუ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის ხელმძღვანელი არ დათანხმდება, შეუძლია გადადგეს“, - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ მსგავსი საუბრები პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირებისგანაა ციტირებული.
ამ ეტაპზე, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორის დაახლოებით, 75%-ს აკონტროლებენ, მაგრამ ახალი გეგმის მიხედვით, სამხედროებმა დარჩენილი ტერიტორიებიც უნდა დაიკავონ. „მთელი ანკლავი ისრაელის კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს“, - ვკითხულობთ მედიაში. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა შედეგს მოიტანს მსგავსი ოპერაცია ანკლავში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჰუმანიტარული ჯგუფებისთვის.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ეწინააღმდეგებიან პრემიერის გეგმას. არმიის შეფასებით, „ჰამასის“ ინფრასტრუქტურის გაწმენდას შესაძლოა წლები დასჭირდეს. ამასთან ერთად, ოპერაცია დიდი ალბათობით, მძევლების ბედზეც იქონიებს გავლენას, რადგან შესაძლოა ისინი სიკვდილით დასჯის საფრთხის წინაშე დააყენოს, თუ ისრაელის ჯარები იმ ადგილს მიუახლოვდებიან, სადაც ისინი ამჟამად იმყოფებიან.