Loading data...
ბადრა გუნბამ ვლადიმერ პუტინს რუსეთის დღე მიულოცა

სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა, ბადრა გუნბამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის დღე მიულოცა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

„პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის-ძევ! აფხაზი ხალხის სახელით მინდა მივულოცო რუსეთის მრავალეროვან ხალხს სახელმწიფო დღესასწაული - რუსეთის დღე. ეს დღესასწაული არის რუსეთის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სიმბოლო, რუსეთის სიძლიერის მაჩვენებელი. აჩვენებს მის უწყვეტ კავშირს სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებთან. რუსეთი დღეს არის დიდი ქვეყანა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტს და მშვიდობიანი და თავისუფალი განვითარების პრინციპებს იცავს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ დღეს იმ ფაქტმა შესძინა, რომ 2026 წელი გამოცხადდა რუსეთის ხალხის ერთიანობის წლად. რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს ეროვნებათშორისი ერთიანობის იდეალებს, რაც საუკუნეების განმავლობაში რუსეთის სახელმწიფოს მდგრადი განვითარების საფუძველს წარმოადგენდა.

აფხაზეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობებს, რომლებიც მეგობრობაზე, მოკავშირეობაზე და ურთიერთნდობაზე არის აგებული. აფხაზეთი მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციას და მის მცდელობას უზრუნველყოს სამართლიანი მსოფლიო წესრიგი, უსაფრთხოება და სტაბილურობა. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, წარმატებას, ხოლო რუსეთის მოსახლეობას - მშვიდობას, განვითარებასა და ერთიანობას“, - წერს ბადრა გუნბა მისალოც წერილში.