Loading data...
აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს - AP

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, რომლის გამოყოფაც ხვალ იგეგმება. ამის შესახებ უკრაინული მედია AP News-ზე დაყრდნობით წერს.

ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კიევი ხარკოვის ოლქში რუსული ჯარების წინსვლის შესაჩერებლად იბრძვის.

მათივე ინფორმაციით, პაკეტში შედის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS), ასევე, 155 მმ-იანი და 105 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები. 

ეს იქნება უკრაინის სამხედრო დახმარების მეოთხე ტრანში მას შემდეგ, რაც კონგრესმა გასული თვის ბოლოს უცხოური დახმარების შესახებ კანონპროექტი მიიღო. ბაიდენის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ უკრაინისთვის იარაღის რეგულარულ მიწოდებასა და ფრონტის ხაზზე მათ სწრაფად მიტანას უზრუნველყოფდა.