Loading data...
აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო, თუმცა დიდი ნაწილი უკრაინაში ზაფხულამდე ვერ ჩავა - NYT

აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო, თუმცა დიდი ნაწილი უკრაინაში ზაფხულამდე ვერ ჩავა, - ამის შესახებ უკრაინული მედიაThe New York Times-ზე დაყრდნობით წერს.

NYT ირწმუნება, რომ უკვე 28 აპრილს უკრაინამ აშშ-დან მიიღო ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების პარტია, ჭურვები და 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები. დახმარების მეორე პარტია კი 29 აპრილს ჩავიდა უკრაინაში. მეორე დღეს ესპანეთიდან პოლონეთში ჩავიდა „პატრიოტის“ სისტემის  რაკეტების ახალი პარტია, რომელიც, ესპანელი ოფიციალური პირის თქმით, „მალე უკრაინის ფრონტზე იქნება“.

ამერიკელი მაღალჩინოსანი „ნიუ იორკ თაიმსთან“ აცხადებს, რომ აშშ-სგან გაგზავნილი იარაღის უმეტესი ნაწილი და ზოგიერთი საბრძოლო მასალაც კი უკრაინაში ზაფხულის შუა რიცხვებამდე ვერ ჩავა და, შესაძლოა, ამ თარიღმა კიდევ უფრო გადაიწიოს.

როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სამხედრო დახმარების დარჩენილი ნაწილი უფრო გვიან ჩავა უკრაინაში, არის ლოგისტიკა.