Loading data...
აშშ-ის ბლოკადის ფონზე IRGC-მა ჰორმუზის სრუტეში ორი გემი დააკავა

ირანმა დღეს, 22 აპრილის დილას ჰორმუზის სრუტეში სამ გემზე თავდასხმა განახორციელა.

Reuters-ის ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ორი მათგანი ხელში ჩაიგდო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა ირანული გემი დააკავეს და თეირანის ნავთობის ვაჭრობასთან დაკავშირებულ ტანკერზე ავიდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს განუსაზღვრელი ვადით ახანგრძლივებს, რათა ირანის ლიდერებს „ერთიანი წინადადების წარმოდგენის“ შესაძლებლობა ჰქონდეთ, თუმცა აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ძალაში დარჩება.

ტრამპის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდება მანამ, სანამ სამშვიდობო მოლაპარაკებები რაიმე შედეგამდე არ მივა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დელეგაციის ხელმძღვანელობას გეგმავდა პაკისტანში, თუმცა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ახლა გაურკვეველია.

არსებული ინფორმაციით, 28 თებერვლიდან აშშ-ისა და ისრაელის იერიშების დაწყების შემდეგ, ქვეყანაში თითქმის 3,400 ადამიანი დაიღუპა. ლიბანში - 2,200-ზე მეტი, სპარსეთის ყურის ქვეყნებში - 32, ისრაელში - 23, ასევე, დაღუპულია აშშ-ის 13 სამხედრო მოსამსახურე.