აფხაზმა მძღოლებმა ფსოუს საზღვარზე გაფიცვა გამოაცხადეს
სატვირთო ავტომობილების მძღოლები ოკუპირებულ აფხაზეთში უკმაყოფილოები არიან, რომ მათ ფსოუს საზღვარზე ტვირთების გაფორმებისას დიდ ხანს აკარგვინებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძღოლებმა გაფიცვა გამოაცხადეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთისას წესების გამკაცრების გამო იქ უზარმაზარი რიგი გაჩნდა. როგორც გამოცემა „აიაშარა“ იუწყება, ყველა სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, რომ საზღვარზე შემოწმებისას მანქანა მთლიანად დაცალოს ტვირთისგან, რაც დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს.
მძღოლები ამბობენ, რომ ფსოუს საბაჟო ტერმინალზე ტვირთის დასაცლელად შესაბამისი ტექნიკა არ არსებობს.
„არ არიან მუშებიც კი, ვინც 20 ტონა პროდუქციას ტრაილერიდან გადმოიღებს და შემდეგ მას უკან ჩადებს“, - ამბობენ მძღოლები.
გადამზიდავები ამბობენ, რომ მათ ხშირად ისეთი ტვირთი გადააქვთ, რომლის გაჩერება საზღვარზე სწრაფად გააფუჭებს, განსაკუთრებით თბილ ამინდში.
მძღოლებმა დასახმარებლად სოხუმის დე ფაქტო ლიდერს, ბადრა გუნბას მიმართეს.