Loading data...
აფხაზმა და რუსმა ჟურნალისტებმა ერთობლივი მედიაინიციატივები განიხილეს

სოხუმში აფხაზი და რუსი ჟურნალისტების მონაწილეობით ჩატარდა მრგვალი მაგიდა „რუსეთი-აფხაზეთი. გულწრფელი დიალოგი“. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

რუსეთის მხრიდან შეხვედრაში ჟურნალისტთა კავშირის, ასევე გაზეთების, „კომსომოლსკაია პრავდას“ და „როსიისკაია გაზეტას“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„აპსნიმედიის“ დირექტორმა და მრგვალი მაგიდის მოდერატორმა რობერტ ჯოპუამ განაცხადა, რომ ახლა გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის აუცილებელი ნაბიჯების განხილვა შედგეს.

„რუსეთსა და აფხაზეთს ურთიერთობის მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს. ცვლილებების დროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და თავად ინფორმაცია დასახული მიზნების მისაღწევად უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად იქცევა. იმისთვის, რომ გამოირიცხოს „გაფუჭებული ტელეფონის“ ეფექტი, ჩვენ პირდაპირი კომუნიკაცია და ღია დიალოგი გვჭირდება. ორი გაზეთის წარმომადგენელთა დახმარებით ჩვენ ამას მივაღწევთ“, - განაცხადა რობერტ ჯოპუამ.

აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსლან ხაშიგმა განაცხადა, რომ აფხაზეთში აუცილებელია რუსული ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის განვითარება, რაც, მისი თქმით, აფხაზეთის საინვესტიციო პოტენციალის რეკლამირებას ხელს შუწყობს. ხაშიგმა განაცხადა, რომ აფხაზეთში 1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთის პირველი არხის და სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის საკორესპონდენტო პუნქტები გაიხსნა, რამაც „ომის შესახებ ფართო აუდიტორიას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდა“. 

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ტიმურ შარიფი აფხაზეთში მედიალაბორატორიის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც რუსეთის წამყვანმა ექსპერტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.

მისი კიდევ ერთი ინიციატივა ეხება მოსკოვში აფხაზი ჟურნალისტების სასწავლო პროგრამებს, რომელიც ამ ორგანიზაციის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს. ცენტრში შესაძლებელია მედიის, პრესსამსახურების, სამთავრობო სტრუქტურების და კომერციული ჰოლდინგების წარმომადგენელთა პროფესიული გადამზადება.