„აფხაზეთში სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა იგეგმება“ - ე.წ. ეკონომიკის მინისტრი
ოკუპირებულ აფხაზეთში იგეგმება სამთო-სათხილამური კურორტის მშენებლობა, რომელიც ყველა სეზონზე უნდა მუშაობდეს. ამის შესახებ სოხუმის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა თეიმურაზ მიქვაბიამ განაცხადა. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.
„პროექტი შემუშავებული იყო რუსეთის ეკონომიკის სამინისტროსთან და სააქციო საზოგადოება „კავკაზ.რფ“-სთან ერთად. მისი მზიანია აფხაზეთში ზაფხულის და ზამთრის პერიოდში ტურისტული ნაკადების დაბალანსება, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და აფხაზეთის ეკონომიკაში ინვესტიციების გაზრდა“, - განაცხადა მიქვაბიამ.
მისი თქმით, აფხაზურმა მხარემ კურორტისთვის რამდენიმე ლოკაცია შეარჩია, ესენია კოდორის ხეობა, ტყვარჩელის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილი და ასევე გუდაუთის და გაგრის რაიონები.
მიქვაბიას თქმით, რუსეთის ქალაქ მინერალნი ვოდიში 28-30 აპრილს კავკასიის საინვესტიციო ფორუმი ჩატარდება და იქ სამთო-სათხილამური კურორტის პრეზენტაცია იგეგმება.
მიქვაბიას თქმით, ამჟამად წინასწარი პროექტია შემუშავებული, ხოლო მისი პერსპექტივების დასადგენად დამატებითი კვლევები ჩატარდება.