აფხაზეთში 414 ტონა ბენზინი ჩაიტანეს
ოკუპირებულ აფხაზეთში 414 ტონა სამანქანო ბენზინი ჩაიტანეს. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო მთავრობა იუწყება. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, დღეს არსებულ სიტუაციაში ბენზინისა და დიზელის საწვავის მიწოდება პრიორიტეტულ საკითხად რჩება.
„ამ ეტაპზე აფხაზეთში 414 ტონა ბენზინი ჩავიდა, საწვავის დანარჩენი პარტიის მიწოდება აგვისტოშია დაგეგმილი. ამ საკითხის მოსაგვარებლად რუსეთის ყველა შესაბამის ორგანოსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის არარსებობა დროებითი მოვლენაა“, - განაცხადეს დე ფაქტო მთავრობაში.
სოხუმის დე ფაქტო მთავრობა მოუწოდებს ავტომფლობელებს, რომ მათ საწვავი იმ მოცულობით შეიძინონ, რაც ყოველდღიური საჭიროებისთვის არის აუცილებელი.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, დიზელის საწვავზე დაწესებული შეზღუდვები რამდენიმე დღეში მოიხსნება.