Loading data...
AP: რუსეთი მოლაპარაკებებში პოზიციის გასაძლიერებლად ახალ ფართომასშტაბიან შეტევას გეგმავს

უკრაინა რუსეთის მხრიდან შესაძლო ახალი შეტევისთვის ემზადება. მისი მიზანია გააძლიეროს კრემლის პოზიციები ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში, - წერს Associated Press.

სამხედრო ანალიტიკოსებისა და მეთაურების შეფასებით, საგაზაფხულო საბრძოლო სეზონის მოახლოებასთან ერთად, კრემლი 1000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე მრავალმხრივ შეტევას განიხილავს.

პუტინი პოზიციებს ამყარებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, იტყობინება ახალი თავდასხმების მომზადების შესახებ ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში, მათ შორის სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში.

„ისინი აჭიანურებენ მოლაპარაკებებს და ცდილობენ ჩართონ აშშ გაუთავებელ და უაზრო დისკუსიებში ყალბი „პირობების“ შესახებ, მხოლოდ იმისთვის, რომ დრო მოიგონ და შემდეგ შეეცადონ მეტი მიწის წართმევას. უტინს ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებები უფრო ძლიერი პოზიციიდან სურს"“, - განაცხადა ზელენსკიმ პარიზში ვიზიტის დროს.

Associated Press-ის ცნობით, აღნიშნულ შეფასებაზე კიევს G7-ის ორი ანონიმური დიპლომატი დაეთანხმა. ამავდროულად, რუსეთმა ფაქტობრივად უარყო აშშ-ის წინადადება საომარი მოქმედებების დროებით შეწყვეტის შესახებ 30 დღით, ხოლო შავ ზღვაში ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის შესაძლებლობას ართულებდა მოსკოვის მკაცრი პირობები.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ სტრატეგიული ინიციატივა რჩება რუსეთის ძალებს: „ჩვენი ჯარები, ჩვენი ბიჭები ყოველდღე წინ მიიწევენ და ათავისუფლებენ ტერიტორიებს“.

რუსეთის სამხედრო აქტივობის ზრდა, უკრაინელი მეთაურების აზრით, არის მზადება ფართომასშტაბიანი შეტევისთვის.

მათ დრო სჭირდებათ მაისამდე, სულ ესაა“, - აღნიშნა სამხედრო ანალიტიკოსმა პავლო ნაროჟნიიმ.

ჩრდილოეთით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ძალებმა მნიშვნელოვნად გაართულეს სიტუაცია კიევისთვის, დაიბრუნეს კურსკის რეგიონის უმეტესი ნაწილი. ბრძოლების გააქტიურება შეინიშნება დონეცკისა და ზაპოროჟიეს რაიონებშიც. ზოგიერთი უკრაინელი მეთაური გამოთქვამს შეშფოთებას კურსკიდან რუსული ჯარების სხვა რაიონებში შესაძლო გადაყვანის გამო.

კიდევ ერთი სამხედრო ანალიტიკოსის ოლექსიი ჰეტმანის განცხადებით, „შეტევა, რომელსაც რუსეთი ამზადებს, სავარაუდოდ, 6-დან 9 თვემდე გასტანს, თითქმის მთელი 2025 წელი“.

რუსეთი აძლიერებს თავის ძალებს

ამ კონტექსტში რუსეთი აქტიურად ზრდის საბრძოლო აქტივობას, ცდილობს გააძლიეროს მოლაპარაკებათა პოზიციები. სამხედრო დამკვირვებლები აღნიშნავენ სადაზვერვო მისიების რაოდენობის ზრდას, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის საცეცხლე პოზიციებისა და უპილოტო სისტემების იდენტიფიცირებას.

„ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ შეტევა მზადდება უახლოეს მომავალში“, - ხაზს უსვამს ჰეტმანი.

ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია ქალაქი პოკროვსკი, მთავარი თავდაცვითი წერტილი და ლოგისტიკური ცენტრი დონეცკის რეგიონში. მისი დაკავება საშუალებას მისცემს რუსეთის ჯარებს წინ წავიდნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოზიციებზე.

იმავდროულად, უკრაინის სამხედროები იუწყებიან მოწინააღმდეგის დაზვერვის გაზრდის შესახებ. კერძოდ, ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ აღნიშნა, რომ რუსეთი აგროვებს ძალებს პოკროვსკის მახლობლად და ქალაქ სელიდოვეს მიდამოებში იქმნება საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი რეზერვები.

მცირე დიპლომატიური პროგრესი

დიპლომატიური მოლაპარაკებები მნიშვნელოვან პროგრესს არ აჩვენებს. რუსეთმა წამოაყენა მკაცრი მოთხოვნები, რამაც გაართულა მოლაპარაკებები. მოსკოვი ადრე დათანხმდა შავ ზღვაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტას, მაგრამ წამოყენებულმა პირობებმა, კერძოდ, რუსეთის ბანკების SWIFT სისტემაზე წვდომის აღდგენის მოთხოვნამ, გამოიწვია კიევისა და ევროკავშირის მტკიცე უარი.

უკრაინელი სამხედროები, სიტუაციის კომენტირებისას, პესიმიზმს გამოხატავენ საომარი მოქმედებების დასრულების რეალური შანსების მიმართ.

„არავის სჯერა, მაგრამ ჯერ კიდევ არის იმედი, რომ კონფლიქტი სხვა მიმართულებით წავა. ყველა ელოდება რაიმე ცვლილებებს საბრძოლო ზონაში, რადგან არსებული ვითარება ჩვენს სასარგებლოდ არ არის. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ამის აღიარება“, - აცხადებს ერთ-ერთი სამხედრო.