AP - ისრაელის თავდასხმების შედეგად ირანში, სულ მცირე, 406 ადამიანი დაიღუპა

ირანზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 406 ადამიანი დაიღუპა და 654 დაიჭრა. ადამიანის უფლებათა დამცველებზე დაყრდნობით, თემაზე Associated Press მუშაობს.
როგორც მედია საშუალება იუწყება, კონკრეტული ჯგუფი მსხვერპლთა შორის მშვიდობიანი მოსახლეობისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების იდენტიფიცირებაზე მუშაობს. ისრაელსა და ირანს შორის მწვავე კონფლიქტი, უკვე, მესამე დღეა მიმდინარეობს.
დღეს, 15 ივნისს ისრაელმა ირანში დარტყმების ახალი ეტაპი დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანის ზოგიერთმა ბალისტიკურმა რაკეტამ ისრაელის საჰაერო თავდაცვა გადალახა და ქვეყნის ცენტრში მდებარე შენობებს დაარტყა.
ირანის ბირთვულ პროგრამაზე დაგეგმილი მოლაპარაკებები, რომელიც შესაძლოა, კონფლიქტის მოგვარების საშუალება ყოფილიყო, გაუქმდა.
ვაშინგტონში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, ირანში სულ მცირე, 406 ადამიანია დაღუპული, 654 კი - დაჭრილი. ირანის მთავრობა მსხვერპლთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს.
რეგიონი გაჭინაურებული კონფლიქტისთვის ემზადებოდა მას შემდეგ, რაც 13 ივნისს ისრაელმა ირანის ბირთვული და სამხედრო ობიექტების დაბომბვა მოულოდნელად დაიწყო, რის შედეგადაც ირანის მაღალი რანგის რამდენიმე გენერალი და ბირთვული მეცნიერი დაიღუპა. ჯერჯერობით, არცერთ მხარეს უკან დახევის არანაირი ნიშანი არ გამოუვლენია.
თეირანი აცხადებს, რომ ისრაელმა ირანის ორ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას შეუტია, რამაც ირანის მკაცრად სანქცირებული ენერგეტიკული ინდუსტრიის წინააღმდეგ, უფრო ფართომასშტაბიანი თავდასხმის პერსპექტივა გააჩინა. ამ ფაქტმა, შესაძლოა, გლობალურ ბაზარზე გავლენა მოახდინოს.
ისრაელის სამხედროებმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, ირანელები გააფრთხილეს იარაღის ქარხნებიდან ევაკუაციის შესახებ, რაც კამპანიის შემდგომ გაფართოებაზე მიანიშნებდა.