ახლა ყველაზე რთული ვითარებაა თითქმის სამწლიანი ომის განმავლობაში - უკრაინული ბრიგადის მეთაური
ამ დროისთვის ფრონტზე ურთულესი მდგომარეობაა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის მოსკოვის ძალიან დიდი ადამიანური რესურსი, - ამის შესახებ უკრაინის მესამე თავდასხმის ბრიგადის მეთაურმა ანდრეი ბილეცკიმ UP-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ფრონტზე ვითარება ამჟამად უფრო რთულია, ვიდრე 2022 წლის გაზაფხულზე.
„ახლა არის ყველაზე რთული სიტუაცია თითქმის სამწლიანი ომის განმავლობაში. გარკვეულწილად, მე უფრო რთულად მივიჩნევ, ვიდრე 2022 წლის გაზაფხულზე“, - განაცხადა სამხედრომ.
როგორც ბილეცკიმ აღნიშნა, ამას მრავალი მიზეზი აქვს - კადრების ნაკლებობა, არასაკმარისი მომზადების დონე და ა.შ.
„მთავარი პრობლემა არის არასაკმარისი მომზადებისა და მოტივაციის დონე, გარკვეულწილად რესურსების არასაკმარისი რაოდენობა“, - აღნიშნა მესამე თავდასხმის ბრიგადის მეთაურმა.
მისი თქმით, ხშირად მოისმენთ პრეტენზიებს, რომ შეიარაღებული ძალები არ იღებენ საკმარის მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას, მაგრამ რუსებისთვის მდგომარეობა უკეთესი არ არის.
„რუსებს აქვთ პრობლემური სიტუაცია იარაღში, სამხედრო ტექნიკაში, საბრძოლო მასალაში, საბრძოლო მასალის ხარისხში. ამავდროულად, რუსებს აქვთ გარკვეული სისტემური უპირატესობები, კერძოდ, მათ აქვთ უპირატესობა ჰაერში. რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ ადგილზე არსებულ ვითარებაზე. გარდა ამისა, ადამიანური რესურსების უზარმაზარი მოცულობა რჩება მათ მთავარ კოზირად.
რუსები წინ არ მიიწევენ კონცენტრირებული საარტილერიო ცეცხლის ან ჯავშანტექნიკის მასიური გამოყენების წყალობით. მათი მეთოდი არის ადამიანური რესურსების გაუთავებელი ნაკადი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „საზარბაზნე ხორცი“. უფრო მეტიც, სიტყვა „ჯარისკაცი“ აქ ძნელი სათქმელის კია, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იყენებენ ისინი თავიანთ ხალხს“, - განაცხადა ბრიგადის მეთაურმა.