Loading data...
ABC News: უკრაინა 18-თვიანი ბრძოლის შემდეგ პოკროვსკის დაკარგვის პირასაა

უკრაინას დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქ პოკროვსკის დაკარგვის პირასაა, სადაც უკრაინელი დამცველები რუსი ოკუპანტების სასტიკ თავდასხმებს წელიწად-ნახევარზე მეტია იგერიებენ. წერს ABC News-ი.

ABC News-ის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე პოკროვსკში დაახლოებით 60 000 ადამიანი ცხოვრობდა. ახლა კი ეს ქალაქი კრემლის მრავალწლიანი მცდელობის მთავარი სამიზნე გახდა, რომელიც დონეცკის მთელი რეგიონის ხელში ჩაგდებას ისახავს მიზნად.

ამ ეტაპზე, ქალაქის დაცვას უკრაინა ახერხებს. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ მისი დაცემა კიევისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მარცხი იქნება მარტის შემდეგ, როდესაც თავდაცვის ძალები იძულებული გახდნენ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან გასულიყვნენ.

გამოცემის ცნობით, რუსეთი უკვე თვეებია ცდილობს პოკროვსკის და მეზობელი მირნოგრადის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ალყაში მოქცევას. 

ქალაქის ძირითადი მომარაგების ხაზები უკვე რუსული დრონების თავდასხმის ქვეშაა, რაც მიწოდებას საშიშს და რთულს ხდის. გარდა ამისა, ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს სიტუაცია საფრთხეს უქმნის უკრაინული ძალების უკან დახევის შესაძლებლობას.

„უკრაინელებს შეუძლიათ თავდაცვა პოკროვსკის და მირნოგორადას მიღმაც გააგრძელონ“, - განაცხადა ფინური ორგანიზაციის, Black Bird Group-ის წარმომადგენელმა, პასი პაროინენმა, რომელიც ღია წყაროებიდან ინფორმაციას აანალიზებს, ABC News-თან ინტერვიუში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ უკან დახევის ნებისმიერი მცდელობა შეიძლება გართულდეს დრონების მუდმივი საფრთხის გამო. ამიტომ, სავარაუდოა, რომ უკრაინის ძალები იძულებულნი იქნებიან, ქალაქის დასავლეთით გაიარონ გზა, მათი მიწოდების გზების გამოყენებით, რომლებიც ცეცხლის ქვეშაა.

თუ იქიდან უკან დახევა შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, უკრაინელი ჯარისკაცების დიდი რაოდენობა ალყაში მოექცეს.

„მე ვიტყოდი, რომ უკრაინელები ამ ქალაქებს ძალიან დიდი ხანია იცავენ. რუსებმა უკვე ძალიან ღრმად შეაღწიეს პოკროვსკში და ჩემი აზრით, ისინი ძალიან ბევრნი არიან იმისთვის, რომ უკრაინელებმა მათი განდევნა შეძლონ“, - განაცხადა პაროინენმა.