Loading data...
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს სწრაფ და კონკურენტუნარიან განვითარებას მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, უპირველესად, მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2025 წლის 9 თვის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.8 პროცენტს შეადგენს, რასაც ერთი მხრივ, განაპირობებს, მნიშვნელოვანი, მსხვილი ინფრასტრუქტურული სახელმწიფო პროექტები, რომლებიც ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისთვის ხორციელდება და ასევე საერთაშორისო თუ ადგილობრივი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბიზნესგარემო. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა პროგნოზირებადობას, რაც საქართველოს ეკონომიკას გააჩნია და ასევე მედეგობას გარე თუ შიდა ეკონომიკური შოკების მიმართ.

„ეს არაერთხელ დაამტკიცა საქართველომ და მისმა მთავრობამ, როდესაც ყველა საგარეო თუ საშინაო შოკს სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკით უპასუხა. ამის ერთ-ერთი მაგალითი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა პოსტპანდემიურ პერიოდში, როცა საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად მე-5 ადგილზეა. ეს არის ფაქტორები, რაც განაპირობებს საქართველოს სწრაფ და კონკურენტუნარიან განვითარებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.