ვახტანგ ცინცაძე: კორუფციისგან თავისუფლება გამჭვირვალე და კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი კომპონენტია და გავლენას ახდენს ბიზნესგარემოსა და ინვესტორთა ნდობაზე
„კორუფციისგან თავისუფლება გამჭვირვალე და კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის გავლენას ახდენს როგორც ბიზნესგარემოზე, ასევე ინვესტორთა ნდობასა და სენტიმენტებზე. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კანონის უზენაესობის ინდექსის კორუფციის არარსებობის კომპონენტში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
ვახტანგ ცინცაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: იტალია, მალტა, უნგრეთი, სლოვენია, ბულგარეთი და სხვა.
„ჩვენი მოლოდინია, რომ მომავალ წლებშიც გაგრძელდება საქართველოში ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რასაც ხელს შეუწყობს ის ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა აღნიშნული მიმართულებით ახორციელებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.