Loading data...
ვახტანგ ცინცაძე: ევროკომისია თავის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება იქნება საკმაოდ ჯანსაღი და ძლიერი

„ევროკომისია თავის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება იქნება საკმაოდ ჯანსაღი და ძლიერი“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

ვახტანგ ცინცაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული.

„მაგალითად, 2025 წლისთვის მნიშვნელოვანი სექტორები, რომლებსაც ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეაქვთ, არის ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე განათლების სექტორები, რომელთა ზრდაც საკმაოდ მაღალია“- აღნიშნა ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა მომდევნო პერიოდშიც შეინარჩუნებს კონკურენტულ უპირატესობას, რაც საქართველოს მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გააჩნია - საუბარია, მათ შორის, შუა დერეფნის ნაწილზე, ასევე ტრანსპორტის სექტორის შემდგომ ზრდაზე.

„ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის პროდუქტიულობა საკმაოდ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ეკონომიკის სტრუქტურის ტრანსფორმაციისკენ მიმართული, მიმდინარე რეფორმები საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მომავალი წლების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმაც, წლის განმავლობაში, ზოგიერთმა რამდენჯერმეც გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით, მაგალითად, სულ ახლახან, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2 პროცენტამდე გაზარდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება მთავრობის მიერ გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესებისკენ და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერისკენაა მიმართული. მათ შორის, მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა დაასახელა, რომელიც, მისი შეფასებით, ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდას, საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას.