ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი: საქართველო მიმზიდველი ტურისტული დანიშნულებაა საერთაშორისო მოგზაურებისთვის
„2025 წლის ტურისტული სეზონი საქართველოში ნამდვილად შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც წარმატებული და ერთ-ერთი სტაბილურად მზარდი სეზონი“, - აცხადებს ტურისტული სააგენტოს Travel Door-ის გენერალური მენეჯერი თამუნა პაპავა, რითაც 2025 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირებას ეხმიანება.
მისი განცხადებით, მსგავს წარმატებას ხელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტრატეგიულად დაგეგმილმა კამპანიებმა შეუწყო - აქტიური მარკეტინგული აქტივობები დიდ როლს თამაშობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე.
„წლის განმავლობაში, ქვეყანამ 6 მილიონამდე ვიზიტორს უმასპინძლა, რაც ადასტურებს, რომ საქართველო მიმზიდველი ტურისტული დანიშნულებაა მოგზაურებისთვის. აღნიშნული ზრდა, რა თქმა უნდა, ასევე, მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვისაც. ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ 2025 წელს საკმაოდ გაზრდილი მაჩვენებელი დაფიქსირდა სხვადასხვა ბაზრიდან. ვიზიტორებს ვიღებდით ახლო აღმოსავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან, ევროპიდან და სხვა პრიორიტეტული ბაზრებიდან. ტურისტული ნაკადის ზრდას ველით 2026 წლისგანაც“, - აღნიშნა თამუნა პაპავამ.
ცნობისთვის, საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.