Loading data...
წლევანდელ გამოფენაზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია - შატო მუხრანის წარმომადგენელი

შანხაიში მიმდინარე საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენას China International Import Expo (CIIE), სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარდგენილი, 40-მდე ქართული კომპანია ესწრება.

სასურსათო პროდუქციას და ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს, მათ შორის, ქართულ ღვინოს, ერთი პავილიონი მთლიანად აქვს დათმობილი.

„წლევანდელ გამოფენაზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია. საქართველოს პავილიონებს საკმაოდ ბევრი ხალხი სტუმრობს. დამთვალიერებლები მოდიან, აგემოვნებენ ქართულ ღვინოს, მოსწონთ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ღვინო არც ისე იაფია, მზად არიან, გადაიხადონ და შეიძინონ. იმედი გვაქვს, შანხაის გამოფენა დაგვეხმარება, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენს შესახებ და მომავალში ჩვენი ღვინის მომხმარებლები გახდნენ,“ - აღნიშნა შატო მუხრანის წარმომადგენელმა მიხეილ კობალაძემ.

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის უდიდეს გამოფენა China International Import Expo (CIIE) 5-10 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. გამოფენა მონაწილე კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დაამყარონ ახალი

ბიზნესკონტაქტები პოტენციურ დისტრიბუტორებთან, რესტორნებთან, სასტუმროებთან და საცალო ქსელებთან. საქართველო Expo-ზე უკვე მერვედ მონაწილეობს.

გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უწევს ორგანიზებას.

China International Import Expo-ზე, წელს, 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.