Loading data...
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა. დაფიქსირებული შედეგები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით ვითარდება. ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 14.0%-ით გაიზარდა. ამასთან, 13.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაშიც.

„ივნისის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ისეთ სექტორებში, როგორიცაა: დამმუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ჯანდაცვა, საფინანსო და სადაზღვევო და ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

2026 წლის 6 თვის მაჩვენებლებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 20.0%-ით გაიზარდა და 3.876.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით (რეექსპორტის გარეშე), რომელიც 62.6%-ით გაიზარდა და 2.391.8 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.