Loading data...
ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ლორენს გლიკი: ჩვენ საქართველოში ფუფუნების ბრენდის წარმომადგენლები ვიქნებით, როცა ჩვენ შემოვდივართ, ბევრი სხვა ორგანიზაცია და ბრენდიც შემოვა

„ჩვენ მსოფლიოში გვაქვს 30 პროექტი და არასდროს მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთი კეთილგანწყობით დაგვხვდნენ, ასე გულითადად მოგვესალმნენ“, – ამის შესახებ ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტმა ლორენს გლიკმა თბილისში, „ტრამპთაურის“ ოფიციალური საერთაშორისო ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში „ტრამპთაუერის“ შემოსვლის კვალდაკვალ სხვა დიდი ბრენდებიც შემოვლენ.

„შესანიშნავი დახვედრა იყო. როდესაც ჩვენ შემოვდივართ ასეთი ფუფუნების ბრენდით და გვექნება ასეთი თაუერი საქართველოში, ბევრი სხვა ორგანიზაცია და სხვა ბრენდიც შემოვა. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, ასევე გუნდის წევრებს მხარდაჭერისთვის. ბატონ ილიას, ბატონ ზაზას და სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლებს.
ყველა ეს ადამიანი მართლაც აღუწერელ მხარდაჭერას გვიწევდა. ჩვენ ფუფუნების ბრენდის წარმომადგენლები ვიქნებით და სწორედ იმას გავაკეთებთ აქ, რაც ადრე არ ყოფილა“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ღონისძიებას დისტანციურად შეუერთდება ერიკ ტრამპიც.

ცნობისთვის, ამ წუთებში Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.