Loading data...
„თიბისი კაპიტალის“ დირექტორი ოთარ შარიქაძე: მოხდა ახალი ტიპის სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას

„მოხდა ახალი ტიპის ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რომელსაც ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა იყენებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას“, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ დირექტორმა ოთარ შარიქაძემ ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების შეფასებისას.

მისი თქმით, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსებამ, დიდი ინტერესი გამოიწვია ინვესტორთა შორის.

„თიბისი კაპიტალი“, როგორც ლიდერი საინვესტიციო ბანკი, ჩართული ვიყავით ამ ტრანზაქციაში, როგორც განთავსების აგენტები და მართლაც დავინახეთ საკმაოდ დიდი ინტერესი, განსაკუთრებით, საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მყიდველების 65% სწორედ უცხოელი მოთამაშეები იყვნენ, საიდანაც უმეტესობა ძალიან ცნობილი საერთაშორისო აქტივების მმართველები არიან. ჩანს, რომ ეს კომპანიები და ფონდები აქტიურად უყურებენ საქართველოს და ყიდულობენ არა მხოლოდ ევროობლიგაციებს, არამედ უკვე ქართულ ფასიან ქაღალდებს. ეს ნიშნავს, რომ ქართული კაპიტალის ბაზარი ვითარდება და უფრო და უფრო მეტ საინტერესო პროდუქტს სთავაზობს მსგავს ინვესტორებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

მან ფინანსთა სამინისტროს გუნდს მოულოცა წელს ევრობონდების შემდეგ განხორციელებული მეორე ტრანზაქცია და აღნიშნა, რომ ტრანზაქციის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების მაღალ ინტერესს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართ.