Loading data...
თემურ ჭყონია: პრემიერთან შეხვედრაზე სკანდალური არაფერი ყოფილა, საუბარი ძირითადად იყო ბიზნესზე, მსგავსი შეხვედრები ბიზნესს მოტივაციას აძლევს

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ საუბარი, ძირითადად, ეკონომიკისა და ბიზნესს საკითხებს შეეხებოდა.

კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თემურ ჭყონიამ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი ძირითადად ბიზნესზე იყო და პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო უწყებებში ოპტიმიზაციასაც.

„ეს შეიძლება, უხერხულია, მაგრამ ითქვა, რომ იქნება ოპტიმიზაცია, უსაქმურების შემცირება. ისედაც ვიცოდით, რომ სახელმწიფოში ბევრი უსაქმური ყოფილა, მაგრამ ახლა ხდება მათი შემცირება. დანარჩენი, რასაც შეიძლება, სკანდალი მოჰყვეს, ასეთი თემა არ ყოფილა. მგონია, რომ ასეთ დიდ შეხვედრებზე, გეგმებზე, პრეზენტაციებზე, სტრატეგიებზე არ საუბრობენ. გასაუბრება იყო. მსგავსი შეხვედრები მოტივაციას აძლევს ბიზნესს, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ჭყონიამ.

რაც შეეხება ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ჭყონია პასუხობს, რომ ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოშია.

„არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური. ასეთი ქვეყნები არ არსებობს. სამოთხეში არ არის ასეთი რამ. როგორ შეიძლება თქვა, რომ ქვეყანაში არ არსებობს კრიზისი. გააჩნია, როგორ დაარქმევ, კრიზისს თუ პრობლემას“, - განაცხადა ჭყონიამ.

გარდა ამისა, ჟურნალისტებმა ჭყონიას ჰკითხეს, განიხილეს თუ არა ხაზარაძე-ჯაფარიძის საკითხი, რაზეც ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ამ საკითხის განსახილველი ფორმატი არ იყო.

„მამუკა და ბადრი ჩემი მეგობრები არიან, ძალიან განვიცდი ამ თემას. ხშირად ვსაუბრობ მათზე, მაგრამ ფორმატს გააჩნია, სად უნდა ისაუბრო ამ თემის გარშემო. დღეს ეს ფორმატი არ ყოფილა“, - აღნიშნა ჭყონიამ.