„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ - მაღალი დონის პოლიტიკურ-ეკონომიკური პლატფორმა ახალი ინიციატივებისა და რეალური შესაძლებლობებისთვის

22 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მეხუთედ აიღებს სტარტს და საქართველოს დედაქალაქი ორი დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ გახდება პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი არამარტო რეგიონული, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ცხადია, რომ 2015 წელს დაარსებული „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მოთხოვნად საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა არამარტო სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის მაღალი დონის დიალოგისთვის, არამედ მრავალმხრივი კომუნიკაციისთვის სახელმწიფოებს, კერძო სექტორს თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის. „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability.
ფორუმი ამჯერადაც, ტრადიციულად, წარმომადგენლობითი, სექტორულად მრავალფეროვანი იქნება და გლობალური ლიდერების შეკრებას უმასპინძლებს - 50-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატს. სწორედ ეს მასშტაბურობა აქცევს მას საერთაშორისო ბრენდად და აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობად. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც მიმდინარეობს მსჯელობა ყველაზე აქტუალური საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური ტრენდების გარშემო, განიხილება
ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის“ მარშრუტის როლი და მისი შემდგომი განვითარების საკითხები, ახალი საინვესტიციო პროექტები.
ფორუმის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. შტაბის ხელმძღვანელის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, შტაბის აქტიური მუშაობა უზრუნველყოფს, რომ საერთაშორისო დონის ღონისძიებას ქვეყანა მაქსიმალურად მომზადებული დახვდეს.
„წლევანდელი ფორუმი უპრეცედენტოდ მასშტაბურია, სტუმრებს ველოდებით როგორც რეგიონიდან, ასევე რეგიონს მიღმა ქვეყნებიდან - პრემიერ მინისტრებს, ვიცე-პრემიერებს, მინისტრებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. წინა წლებთან შედარებით, ფორუმი ხარისხობრივად ძალიან მაღალ დონეზე გადავიდა, მნიშვნელოვანია, რომ იმ რეგიონში თუ რეგიონს მიღმა არსებული ტურბულენტობის ფონზე საქართველოს მიმართ ინტერესი არ იკლებს. ფორუმზე გვექნება შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ინვესტორებს როგორც რეგიონის, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მათ შორის Emaar-ის ჯგუფისა და Eagle Hills-ის დამფუძნებელ მოჰამედ ალი ალაბარს. მნიშვნელოვანია, რომ ის მონაწილეობას მიიღებს დისკუსიებში, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს დაეთმობა. ფორუმის მიმდინარეობისას გვექნება საშუალება, ჩვენს ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები უშუალოდ საერთაშორისო ინვესტორებმა წარმოაჩინონ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
წლევანდელი ფორუმის ძირითადი თემები არაერთ სექტორულ მიმართულებას მოიცავს. 22 ოქტომბერს გაიმართება შვიდი პანელური დისკუსია საერთაშორისო ვაჭრობის, „შუა დერეფნის“, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საკითხებზე. პანელების მომხსენებლები იმსჯელებენ გლობალური ეკონომიკური გამოწვევების, მათი გადაჭრის გზებსა და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 22 ოქტომბერს როგორც მომხსენებელი, ორ მთავარ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას - „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ და „საქართველო - ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი“.
მნიშვნელოვანია, რომ პანელური დისკუსიების ნაწილი სწორედ იმ საკითხებს დაეთმობა, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ხიდის პოზიციონირების გაძლიერებას, მათ შორის „შუა დერეფნის“ მარშრუტში. გენადი არველაძის განცხადებით, ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ასევე მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წარდგენაა, როგორებიცაა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის და თბილისის ახალი აეროპორტის პროექტები, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვ.
23 ოქტომბერს კი ფორუმის ფარგლებში თბილისის ფინანსური სამიტი ჩატარდება, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, მთავარი პანელების გარდა, ორი დღის განმავლობაში ფორუმის ფარგლებში გაიმართება პარალელური ღონისძიებები, მათ შორის, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლებს შორის.
არსებული გლობალური პოლიტიკური თუ ეკონომიკური გამოწვევების ფონზე რეგიონული თუ გლობალური დაკავშირებადობა, ტრანსკონტინენტური მარშრუტები და ამ კუთხით ქვეყნებს და ბიზნესებს შორის პარტნიორობა წლიდან წლამდე სულ უფრო მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ხდება. სწორედ ეს გარემოება აქცევს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ მაღალი დონის პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად, რომელიც ახალ ინიციატივებს და რეალურ შესაძლებლობებს ქმნის.