თამარ იოსელიანი: მნიშვნელოვანია, საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული ჰაბი და თავისი როლი ითამაშოს ციფრული დერეფნის კონტექსტში
საერთაშორისო ციფრული დაკავშირებადობა და ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები, ხელოვნური ინტელექტი და საქართველოს ინოვაციური მოდერნიზაცია, ფართოზოლიანი ინტერნეტქსელის განვითარება და ინტერნეტხელმისაწვდომობა, - ეს არის მცირე ჩამონათვალი საკითხებისა, რომელიც საჯარო, კერძო და ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლებმა ინტერნეტ-მმართველობის ფორუმზე (GeoIGF) განიხილეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა ციფრული ეკონომიკის და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება.
„ბოლო წლებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ქვეყნის ციფრული სფეროს განვითარების კუთხით, რათა საქართველო ფეხდაფეხ მიჰყვეს ამ სფეროში მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს. სტრატეგია, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, თავსებადია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტებთან“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის შეფასებით, GeoIGF ის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ ხედვებსა და გამოცდილებებს და ქმნის სივრცეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, როგორიც არის ციფრული ინფრასტრუქტურა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, ციფრული ინკლუზია, კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა დაცვა, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული ჰაბი და შესაბამისად, თავისი როლი ითამაშოს ციფრული დერეფნის კონტექსტში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ფორუმი 20 წელია, რაც გაეროს ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიურად იმართება.
საქართველოში ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.