Loading data...
თამარ იოსელიანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

თამარ იოსელიანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

თამარ იოსელიანს ტრანსპორტის სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე საქმიანობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2018–2023 წლებში ის ხელმძღვანელობდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, 2023–2025 წლებში - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო 2025 წლიდან დღემდე ეკავა შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. ამავე წელს თამარ იოსელიანი დაინიშნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ.

თამარ იოსელიანი მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. 2015 წელს ის გაეროსა და ნიპონის ფონდის სტიპენდიატის სტატუსით სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონის უნივერსიტეტში, გაიარა სტაჟირება გაეროს შტაბ-ბინაში (ნიუ-იორკი). წარმატებით აქვს გავლილი Ocean Governance Programme (Yeosu Academy, სამხრეთ კორეა) და Advanced Maritime Leaders Programme (სინგაპური).

2007–2009 წლებში დაამთავრა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის (LSE) პროგრამა, რომელიც მოიცავდა კორპორაციულ სამართალს, მმართველობას, საერთაშორისო და კომერციულ სამართალს, კონკურენციის პოლიტიკასა და ინტელექტუალური საკუთრების სამართალს.

თამარ იოსელიანმა ამ პოსტზე გურამ გურამიშვილი შეცვალა, რომელც მინისტრის მოადგილის პოზიციას 2021 წლის მარტიდან იკავებდა.